ეკატერინე ტიკარაძემ აჭარის რეგიონის სამედიცინო სფეროს თანამშრომლებს შეხვდა
ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი სიახლეები და არსებული გამოწვევები, ამ საკითხებზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს აჭარის რეგიონის სამედიცინო სფეროს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.
მინისტრმა განაცხადა, რომ დაგეგმილი სიახლეების დეტალურ პრეზენტაციას სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს.
ეკატერინე ტიკარაძემ ყურადღება გაამახვილა, დაფინანსების სისტემის ცვლილებაზე, ერთიანი ტარიფის შესახებ სამინისტროს ინიციატივაზე, ინფრასტრუქტურის, ასევე კადრების ნაკლებობის პრობლემაზე, სამედიცინო სერვისებისა და პროგრამების სრულყოფაზე, მომსახურების დონის ამაღლების, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხებზე.
მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის მიმართულებით აჭარა არის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული რეგიონი, შესაძლებელია სწორედ აჭარიდან დაიწყოს პაციენტებისთვის ელექტრონული ბარათების გადაცემის პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად მისაწვდომი იქნება როგორც ექიმისთვის.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა ექიმთა კატეგორიებად დაყოფა, მინისტრმა აღნიშნა, რომ დღევადელი დეფიციტის დროს ეს ბაზრისთვის იქნება სერიოზული რყევის საფუძველი.
„ვცდილობთ სამომავლოდ, ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდეს ამის დანერგვას და ექიმებისთვის კატეგორიების მინიჭება, ეს აუცილებელი პროცესია, მაგრამ დრო სჭირდება. რაც შეეხება ტარიფების შესაბამისობას სტანდარტთან, 18 თვე გვესაჭიროება სწორი ანალიზისთვის, რადგან სამედიცინო სფეროში აჩქარება არის დაუშვებელი“, – განაცხადა მინისტრმა.