ეკატერინე ტიკარაძე - ყველა მოქალაქე, რომელიც დღეიდან საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, საკარანტინე ზონაში განთავსდება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს დავალება, რომ სარფის, ლარსისა და წითელი ხიდის სასაზღვრო ზონებთან საკარანტინე ადგილები მოეწყოს.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, სახმელეთო ზონიდან ძალიან გაიზარდა მოქალაქეების შემოსვლა.
„დღეს გაიმართა შეხვედრა ბატონ პრემიერთან. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიარეთ ყველა დეტალი, რომელიც ამ ვითარებაში არის მნიშვნელოვანი. გამოიკვეთა რამდენიმე ახალი საჭიროება, მაგალითად, ძალიან გაიზარდა ნაკადები სახმელეთო ზონებიდან მოქალაქეების შემოსვლის, ეს არის სარფი, ლარსი და წითელი ხიდი, რისთვისაც ჩვენ მივიღეთ დავალება პრემიერისგან, რომ სასწრაფოდ მობილიზებული იქნას ამ სამ ობიექტზე საკარანტინე ადგილები. ვინაიდან დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე არის, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც დღეიდან საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, განთავსებული იქნება აუცილებლად საკარანტინე ზონაში. ვინაიდან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დანარჩენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ მოქალაქეზე ზრუნვა, რომლებიც დღესდღეობით იმყოფებიან საქართველოს საზღვრებს გარეთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.