ეკატერინე ტიკარაძე წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონთან დაკავშირებით დიმიტრი ხუნდაძეს შეხვდა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოადგილეებთან ერთად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს დახურულ ფორმატში შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონზე იმსჯელეს.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, კანონი მოძველებულია და განახლებას საჭიროებს, სწორედ ამ მიზნით, უკვე ერთი თვეა კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა.
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონი არის მოძველებული, 2009 წელს მიღებული და მას შემდეგ არ განახლებულა. ამ კანონს ჰქონდა თავის პოზიტიური როლი, მაგრამ ეს დღეს უკვე მოძველებულია და გამოწვევებს ვერ პასუხობს. მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენს მომხმარებელს მივაწოდოთ ხარისხიანი მედიკამენტი და ის იყოს ხელმისაწვდომი როგორც ფინანსურად, ასევე გეოგრაფიულადაც. ეს არის მსხვილი პაკეტი, ჩვენ ვმუშაობთ როგორც ადგილობრივ ექსპერტებთან, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შერჩეულ ექსპერტთან, გვაქვს საერთაშორისო კომუნიკაციაც და ვამზადებთ ამ კანონპროექტს, რომ მოვახდინოთ მისი ინიცირება, მაგრამ ვიდრე პარლამენტის წინაშე წარსდგება, ეს იქნება ფართო განხილვის საგანი. ახლა ის არის მუშა პროცესში და მინისტრთან მქონდა პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი. იყო გარკვეული საკითხები, რომლებიც აქამდე არ იყო შეუთანხმებელი, თუმცა შევჯერდით“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, კანონი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, როგორც პაციენტებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის.
„მივიჩნევთ, რომ ვართ ის რგოლი, რომლისთვისაც ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ძლიერი ჰოსპიტალური სექტორის არსებობა, ასევე პაციენტისთვის უსაფრთხო სერვისების მიწოდება. სადავო საკითხი არ არის ის, რომ ჩვენი ამოცანა არის პირველ რიგში პაციენტებისთვის უსაფრთხო სამედიცინო სერვისების მიწოდება. რაც შეეხება კანონპროექტის განხილვას, დღეს გაიმართა დამატებითი შეხვედრა დარგობრივ კომიტეტთან, მათ მოიწონეს კანონპროექტი და მოხდა გარკვეულ ნიუანსებზე შეთანხმება. ჩვენ, სამინისტრო და კომიტეტი, ორმხრივად ვთანხმდებით, რომ ამ კანონპროექტის მიღება მოხდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართა საქართველოში მოქმედი კლინიკების წარმომადგენლებთან.
„საქართველოში ჩვენ გვაქვს 400-მდე სტაციონარი და გვაქვს არამხოლოდ ამ საკითხზე მათთან კონსულტაციები, არამედ ბევრ საკითხზე და არის მხოლოდ მცირე ჯგუფი კლინიკების, რომლისთვისაც ეს რატომღაც წარმოადგენს რისკს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს კლინიკები არიან გარკვეული პოლიტიკური ძალების მძევლები. აქედან გამომდინარე, მივმართავ მათ თხოვნით, ითანამშრომლონ სამინისტროსთან, რომ ჩვენ მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომლებიც იქნება მომგებიანი როგორც კლინიკებისთვის, ასევე პაციენტებისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.