ეკატერინე ტიკარაძე - ვმუშაობთ, რომ არჩევნები წარიმართოს სრულიად უსაფრთხო გარემოში
ვმუშაობთ იმისთვის, რომ არჩევნები წარიმართოს სრულიად უსაფრთხო გარემოში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„მთავარი ორი რეკომენდაცია, რომელიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული საარჩევნო უბნებზე, ეს არის დისტანციის დაცვა და ნიღბის ტარება. ჩვენ ვსწავლობთ დამატებით ყველა საარჩევნო უბანს. ყველა უბანთან მიმართებაში გვექნება გარკვეული რეგულაციები და მითითებები, რის შემდეგაც შევძლებთ ეს არჩევნები ჩავატაროთ სრულიად უსაფრთხო გარემოში“,- განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, მინისტრის თქმით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსზე ყოველდღე სამი ათასზე მეტი ტესტი ტარდება და დადასტურებული პაციენტების რაოდენობა მინიმალურია. შესაბამისად, როგორც მინისტრი განმარტავს, ვითარება დამატებით კვლევებს არ საჭიროებს.
„ამ ეტაპისთვის, ჩვენ გვაქვს საკმაოდ გაფართოებული ტესტირების ჯგუფები. გვაქვს სამი ათასზე მეტი ტესტირება დღიურ რეჟიმში, აქედან გამოვლენილი პაციენტების რაოდენობა არის მინიმალური. ამ ეტაპზე არ გვეგმავთ გარკვეულ კვლევებს, ვინაიდან ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვაქვს გამოვლენილი პაციენტების, არის დაბალი. შესაბამისად, არ საჭიროებს დამატებით ჩარევას და დამატებითი კვლევების წარმოებას“,- განაცხადა ტიკარაძემ.