ეკატერინე ტიკარაძე - ვარწმუნებ მოსახლეობას, ამ ეტაპისთვის საქართველოში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკი არ არსებობს, ეპიდემიის საფრთხე არ არის
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის საქართველოში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკი არ არსებობს.
„ვარწმუნებ მოსახლეობას, ამ ეტაპისთვის საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართოდ გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან გუშინ ღამით კარანტინში მოათავსეს 13 პაციენტი, რომლებიც არ არიან ინფიცირებული კორონავირუსით.
ტიკარაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი.
„გუშინ ღამით განხორციელდა ინფექციური საავადმყოფოდან იმ 13 პაციენტის გადაყვანა საკარანტინო ზოლში, რომლებიც არ იყვნენ ინფიცირებული. ამ დროისათვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი, აქედან ხუთი არის იტალიიდან – ერთი იტალიის მოქალაქე და ოთხი ქართველი; ხუთი არის ირანიდან – ერთი ქართველი, დანარჩენი კი, აზერბაიჯანის მოქალაქეები. ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას და ამ დროისათვის გვაქვს საკმარისი ადგილები, რათა კარანტინში მოვათავსოთ მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ახლო კონტაქტში ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან. ეს ლოკაციები განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა ადგილზე. ჩვენ ვზრუნავთ, რომ მათ შესაფერისი პირობები ჰქონდეთ. ჩვენ გვაქვს მობილიზებული საავადმყოფოები, რომლებიც განლაგებულია ბათუმში, ასევე, ქუთაისში. არის რამდენიმე საავადმყოფო თბილისში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.