ეკატერინე ტიკარაძე - უწყებათაშორის საბჭოზე წარდგენილია რეკომენდაცია, რომ პირბადეები სავალდებულო იყოს როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში
ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის მხრიდან საბჭოზე წარდგენილია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მიგვაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, პირველი და მთავარი რეკომენდაცია, ეს არის პირბადეების გამოყენება და პირბადეების სავალდებულობა როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში.
„მნიშვნელოვანია, უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს სოციალური ღონისძიებების გამართვას, ასევე, ისეთ ღონისძიებებს, როგორსაც წარმოადგენს ქორწილები და ქელეხები, ვინაიდან, როდესაც ვაკვირდებით და ვსწავლობთ ეპიდვითარებას, კლასტერული ინფიცირება ხდება სწორედ ქორწილებსა და ქელეხებში. მნიშვნელოვანია, შეიზღუდოს იქ დამსწრეთა რაოდენობა, რათა მოხდეს ეპიდვითარების უფრო მდგრადად შენარჩუნება. დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე გვყავს 4000-მდე ინფიცირებული ყოველდღიურად. ჩვენ ასევე ხშირად ვამბობთ, რომ ამ შტამს აქვს არა თანმიმდევრული, არამედ ნახტომისებრი ზრდა, და მოსახლეობა ამას უკვე აკვირდება, რომ გარკვეულ 10-დღიან პერიოდში ჩვენ გვაქვს ნახტომისებრი ზრდა. დღესდღეობით, ინფიცირებულების ჯამური რაოდენობით მივაღწიეთ 39 000 მდე, საიდანაც 6 500-მდე მოქალაქე დღეს მკურნალობს სტაციონარში. არის ნაწილი მოქალაქეებისა, რომლებიც მკურნალობენ კოვიდსასტუმროებში, ხოლო საკმაოდ დიდი ნაწილი – 25 000-ზე მეტი, ბინაზე გადის მკურნალობას. მათზე მეთვალყურეობას ახორციელებენ ექიმები, რომლებიც ჩვენს ონლაინკლინიკაში არიან დასაქმებულნი. რეკომენდაციები საბჭოზეა წარდგენილი. სამშაბათს დამატებით ვიმსჯელებთ იმასთან დაკავშირებით, რა სახის გამკაცრების ღონისძიებები იქნება მიღებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.