ეკატერინე ტიკარაძე - ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით შერჩეული ტესტები საქართველოში ხვალიდან გვექნება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით შერჩეული ტესტები საქართველოში ხვალიდან იქნება.
„როგორც დავაანონსეთ, ხვალ ველოდებით უკვე საქართველოში ტესტების შემოტანას, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხშაბათიდან შეგვიძლია, დავიწყოთ უკვე მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დაეხმარება ჩვენს ექიმებს და ეპიდემიოლოგებს, რათა დროულად აღმოაჩინონ კორონავირუსის არსებობა. ტესტების შემოტანა მოხდება ოთხ ეტაპად. ჩვენ ველოდებით ტესტებს ხვალ, შემდეგ ველოდებით 27-ში, ბოლო შემოტანას ველოდებით 5 აპრილისთვის და რაოდენობა არის საკმარისი, რათა მოხდეს საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში სტატისტიკურად ფილტვების ანთების 700-მდე დიაგნოზი ფიქსირდება, ამიტომ არ ითვლება საჭიროდ, რომ კორონავირუსზე ტესტირება ჩატარდეს პაციენტის შესვლიდან პირველივე დღეს.
რაც შეეხება მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტის შემთხვევას, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ექიმების მოთხოვნიდან მეორე დღეს, ეპიდემიოლოგებმა პაციენტს ჩაუტარეს გამოკვლევა, რომლითაც დადასტურდა ახალი კორონავირუსი.
„პაციენტი გადმოყვანილი იქნა თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში. იმ პერიოდში, როდესაც ეჭვი გაჩნდა, აღსანიშნავია, რომ ჩვენი ექიმების მხრიდან დაცული იყო მათი უსაფრთხოება და პაციენტი იმყოფებოდა იზოლაციაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, დღეს საქართველოში არსებული ტესტები ავლენს დაავადებას სიმპტომის გამოვლენიდან ან დაავადების მე-8 დღიდან.
„აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის, რომ პაციენტს ჩაუტარდეს კვლევა პირველივე დღეს. სწორედ ის ტესტები, რომლებიც ხვალიდან იქნება საქართველოში, არის ტესტები, რომლებიც დაავადების გამოვლენას მოახდენს პირველი დღიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ტესტების ხარისხი, მოხდა ტესტების შერჩევა ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით და ის ტესტები, რომლებიც საქართველოში ჩამოვა, მოგვცემს საშუალებას, 100-პროცენტიანი დავადგინოთ Covid-19 პირველ და მეორე დღესვე“, – აღნიშნა ეკატერინა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში არის ყველა მედიკამენტის საკმარისი მარაგი.
„ჩვენ ვმუშაობთ მარაგების მუდმივ კონტროლზე და შემოწმებაზე. გვაქვს მუდმივი კოორდინაცია ჩვენს მწარმოებლებთანაც, ისევე, როგორც კერძო შემომტანებთან. ვირწმუნებით, რომ მარაგების შევსებიდან გამომდინარე, ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება“, – დასძინა ჯანდაცვის მინისტრმა.