ეკატერინე ტიკარაძე სასწრაფოს ექიმებს - თქვენ ხართ გმირები, დგახართ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე
ეკატერინე ტიკარაძე სასწრაფოს ექიმებს - თქვენ ხართ გმირები, დგახართ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე

თქვენ ხართ გმირები, დგახართ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე, – ასე მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს.

მინისტრი ექიმებს დღეს, ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში შეხვდა და მათ საჭიროებებს პირადად გაეცნო.

„გამორიცხულია, ვერ დავინახოთ, არ დავაფასოთ და თითოეულ თქვენგანს მადლობა არ გადაგიხადოთ თქვენი დამსახურებისთვის. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს არ არის დარბაზში და ვერ გვერთვება ეკრანიდან დისტანციურად – ყველა ექიმს, ყველა მენეჯერს, ყველა ექთანს და ყველა მძღოლს, რომელიც პირველივე დღიდან ჩაერთო კოვიდ ინფექციასთან ბრძოლაში და შესაბამისად დაგვეხმარა განგვეხორციელებინა ეს წარმატებული ღონისძიებები. თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებიც არ შეუშინდით არც ერთ გამოწვევას, მიუხედავად იმისა, რომ იანვარში არათუ საქართველომ, მსოფლიომაც კი არ იცოდა, რა საფრთხის შემცველი იყო კოვიდინფექცია და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თითოეული ქვეყნის სადარაჯოზე მდგარიყვნენ ისეთი გმირები, რომლებიც დღესდღეობით თქვენ ხართ ჩვენთვის. თქვენი დახმარებით ჩვენ შევძელით და ვზეიმობთ ამ წარმატებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეხვედრაზე მინისტრი სამედიცინო პერსონალის დაინფიცირებასთან დაკავშირებით განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასწრაფოს ექიმებს გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგები და ჩართულები არიან პროტოკოლის შექმნაში, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მოწოდებულ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

„ბევრი საუბრობს სამედიცინო პერსონალის დაინფიცირებაზე და არ შეიძლება, არ გამოვეხმაურო ამ კომენტარებს და არ აღვნიშნო, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც გაქვთ გავლილი არაერთი ტრენინგი, რომლებიც ჩვენთან ერთად მონაწილეობთ პროტოკოლის შექმნასა და შემდეგ განხორციელებაში. ის, რომ თქვენ იყოთ დაცულები, რათა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს უსაფრთხო, ეს არის ჩვენი სამინისტროს და მთავრობის ვალდებულება.

ჩვენ ისევ გავაგრძელებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის ბრძოლას, მაგრამ ვთვლი, რომ ეს არასდროს იქნება საკმარისი თქვენი დამსახურების აღსანიშნავად. მზად ვართ, განვიხილოთ ყველა ის პრობლემა და საჭიროება, რომელიც თქვენს გუნდს და ჩვენს გუნდს ერთად გვიდგას, ვინაიდან მხოლოდ ეს კომუნიკაცია და ჩვენი ეს ერთობა არის იმის საფუძველი, რომ საბოლოოდ ეს პატარა ქვეყანა შეძლებს და დაამარცხებს იმ გლობალურ, უხილავ მტერს, რომელიც კოვიდინფექციის სახით არის გავრცელებული მსოფლიოში,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.