ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოში დღეს მუშაობს 488 რეანიმატოლოგი, რომელთაც დღიურ რეჟიმში 1200 პაციენტის მოვლა შეუძლიათ, გვყავს 256 ინფექციონისტი, რომლებიც 853 პაციენტის მოვლას შეძლებენ
ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოში დღეს მუშაობს 488 რეანიმატოლოგი, რომელთაც დღიურ რეჟიმში 1200 პაციენტის მოვლა შეუძლიათ, გვყავს 256 ინფექციონისტი, რომლებიც 853 პაციენტის მოვლას შეძლებენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი რისკის მატარებელი არის პერსონალის რაოდენობა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, დღეს საქართველოში არის 488 რეანიმატოლოგი და 256 ინფექციონისტი.

„ყველაზე დიდი რისკის მატარებელი და რასაც ჩვენ ჯანდაცვის სისტემაში ვუფრთხით, ეს არის ჩვენი პერსონალის რაოდენობა. აქ ჩვენ არ გვაქვს საუბარი მათ კვალიფიკაციაზე, აქ საუბარია მხოლოდ რიცხვებზე, თუ რა რაოდენობის პერსონალი გყვავს ჩვენ. სწორედ აქ გვაქვს ყველაზე დიდი დრამა და ხარვეზი, რომელიც არის ფაქტი. რასაც ჩვენ ვერანაირი თანხების ოპტიმიზაციით ვერ შევცვლით, რადგან ამას სჭირდება წლები, რათა დაგენერირდეს და მივიღოთ ის რიცხოვნობა, რომელიც საჭიროა იმ საწოლ ფონდზე, რომელიც საქართველოს აქვს. დღეისათვის საქართველოს ჰყავს რეანიმატოლოგების 488 ფიზიკური პირი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ დავიცავდით ევროპის რომელიღაც ქვეყნის სტანდარტს, შედეგად მივიღებდით, რომ ამ რეანიმატოლოგებს შეუძლიათ თავიანთი ადამიანური რესურსი გადაანაწილონ მხოლოდ 1200 საწოლზე, რაც ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ დღიურ რეჟიმში მოუარონ მხოლოდ 1200 პაციენტს. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარდა კოვიდის ინფექციებისა, ჩვენ ვართ ადამიანები და გვაქვს სხვა თანხმლები დაავადებები, რომელსაც ესაჭიროება ამ პროფილის ექიმების ჩართულობა. ასევე მნიშვნელოვანია ინფექციონისტების რაოდენობა, ამ მათი რიცხოვნობით არ ვართ განებივრებული და გვყავს სულ 256 ინფექციონისტი, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ მათი ოპტიმალური გადანაწილებით, შეგვიძლია მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს. როდესაც ამ რიცხვებს აანალიზებ, ხვდები, რომ მნიშვნელოვანია გადადგა მკაცრი ნაბიჯები. ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, რომელიც ხშირ შემთხვევაში იმსახურებს კრიტიკას. ეს არის ბიძგი იმისა, თუ რატომ დავიწყეთ ყველა თამამი ნაბიჯის გადადგმა. ჩვენ ვიცოდით, რომ ჯანდაცვის სისტემაში თუ მოხვდებოდა ამ პაციენტების დიდი რიცხვი, მაშინ ჩვენ ნამდვილად მივიღებდით იმ სურათს, რომელიც ჰქონდა ჩინეთს, იტალიას და ა.შ.“ – განაცხადა მინისტრმა „იმედის“ ეთერში.