ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოს მთავრობა და პირადად მე, არ გავურბივართ პასუხისმგებლობას
მიმდინარეობს ყველა კუთხით მუშაობა იმაზე, რომ ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში შევძლოთ, გვქონდეს მაქსიმალურად საუკეთესო გამოსავალი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
ამასთან, მინისტრის თქმით, „ხელისუფლების მხრიდან რეკომენდაციის ტონი დიდი ხანია, მოთხოვნის ტონშია გადასული“ და როგორც ტიკარაძე ამბობს, ეს საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა საფრთხის რისკი გაიაზრონ.
კითხვაზე, მთავრობა იღებს თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რაც შეიძლება სააღდგომო მსახურებას მოჰყვეს, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის მინისტრი პასუხისმგებლობას არ გაურბიან.
„პასუხისმგებლობას რაც შეეხება, საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის მინისტრი, პირადად მე, არ გავურბივართ პასუხისმგებლობას. ჩემი მოვალეობა და ვალდებულებაა, სისტემა დახვდეს მაქსიმალურად მზადყოფნაში ყველა იმ გამოწვევას, რომელიც შესაძლოა, დადგეს. შესაბამისად მიმდინარეობს ყველა კუთხით მუშაობა იმაზე, რომ ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში ჩვენ შევძლოთ გვქონდეს მაქსიმალურად საუკეთესო გამოსავალი.
ჩვენ არ ვიძლევით რეკომენდაციებს, დიდი ხანია რეკომენდაციის ტონი გადასულია მოთხოვნის ტონში და მე ვთვლი, რომ ეს უნდა იყოს საკმარისი, რათა მოქალაქეებმა გაიაზროთ, თუ რა რისკის ქვეშ დგანან თვითონ და აყენებენ ოჯახის წევრებს. ასევე რამდენად რთულ მდგომარეობაში შეიძლება ჩააგდონ ის ექიმები, რომლებმაც უნდა იზრუნონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
მე ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ვიზრუნო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. რა თქმა უნდა, სცენარის მართვაზეც მე ვიღებ პასუხისმგებლობას“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.