ეკატერინე ტიკარაძე - სამედიცინო ჰოლდინგისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამედიცინო პერსონალისთვის ჯანსაღი შრომითი გარემოს შექმნა და ღირსეული ანაზღაურების სისტემაა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების სტრატეგიისა და სამედიცინო ჰოლდინგის როლზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს მიერ, გასულ წელს შექმნილმა სამედიცინო ჰოლდინგმა, მისი მმართველობის ქვეშ მყოფი დაწესებულებების ეფექტური მართვით, მოკლე პერიოდში დაამტკიცა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო სახელმწიფო კლინიკების გაძლიერება და ერთიანი მართვის ქვეშ გაერთიანება.
„პანდემიის პერიოდმა ეს მოცემულობა კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა. თბილისის და ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფოებმა, ასევე რუხის მრავალპროფილურმა კლინიკამ, კოვიდის მართვაში უმაღლესი შესაძლებლობები გამოავლინეს. სახელმწიფო კლინიკები გახდება ხარისხის, ხელმისაწვდომობის და ჯანსაღი კონკურენციის მყარი საფუძველი. სამედიცინო ჰოლდინგისთვის უმთავრესი პრიორიტეტია სამედიცინო პერსონალისთვის შექმნას ჯანსაღი შრომითი გარემო და ღირსეული ანაზღაურების სისტემა. შრომითი გარემოს გაუმჯობესებასთან ერთად, სამედიცინო ჰოლდინგი, მასთან დაქვემდებარებული სამედიცინო პერსონალისთვის ნერგავს უწყვეტი პროფესიული განათლების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის პლატფორმას, რათა ექიმებს სამედიცინო განვითარების შესაძლებლობებზე ჰქონდეთ უწყვეტი ხელმისაწვდომობა. სახელმწიფო, საკუთარ კლინიკურ ბაზას გამოიყენებს იმ მომსახურებების განვითარებისთვის, რომლის მისაღებად დღეს საქართველოს ათასობით მოქალაქეს უწევს საზღვარგარეთ გამგზავრება და საკუთარ ოჯახთან და საქმიანობასთან ხანგრძლივი დროის მანძილზე დისტანცირება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, სამედიცინო საჭიროებებისთვის აქტიური მიგრაცია დიდი გამოწვევაა.
„2018 წლიდან დღემდე რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში 1 200-მდე პაციენტის საზღვარგარეთ მკურნალობა დაფინანსდა, რაზეც 18 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. საყურადღებოა, რომ რეფერალის ფარგლებში გაცემული თანხების შესწავლის მიზნით, ჩვენ ჩავატარეთ შიდა აუდიტი, რომელმაც გამოავლინა, რომ გაცემული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი აუთვისებელი რჩება პაციენტების მიერ. მაგალითად, 2017-2021 წლებში, პაციენტების მიერ გამოუყენებელი დარჩა 600 000 ლარი. სამინისტრომ მოიძია აღნიშნული თანხები და მოახდინა მისი ბიუჯეტში დაბრუნება. მსგავსი აუდიტი გაგრძელდება 2017 წლამდე პერიოდში გაცემული თანხების ნაწილშიც“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.