ეკატერინე ტიკარაძე - სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა იქნება
ჯანდაცვაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიღწევისთვის, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ყველა მოსარგებლე მიიღებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას მისთვის მოსახერხებელ ადგილას, დაყოვნების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო სიის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.
„სამჯერ გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც რვა მილიონზე მეტი შემთხვევა დაფინანსდა. შედეგად, ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა 40 პროცენტიდან 100 პროცენტამდე გაიზარდა და ასიათასობით ადამიანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნდა.
ამოქმედდა „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა, რომლითაც დღეის მდგომარეობით, 70 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა.
2012 წლიდან ორნახევარჯერ გაიზარდა სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება, რაც დღეის მდგომარეობით, 350 მილიონ ლარს შეადგენს. პენსია 100 ლარიდან 220 ლარამდე, სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერთათვის კი 300 ლარამდე გაიზარდა.
სოციალური შეღავათები დაწესდა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის, რომლებიც სოციალურ პაკეტზე 20-პროცენტიან დანამატს, აგრეთვე ელექტროენერგიის საფასურის 50-პროცენტიან ანაზღაურებას იღებენ. ორნახევარჯერ გაიზარდა საარსებო შემწეობის ოდენობა, ხოლო ხუთჯერ გაიზარდა სოციალურად დაუცველი ბავშვების შემწეობა.
ორნახევარჯერ გაიზარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობა. 2013-2020 წლებში 22 500 დევნილი ოჯახი იქნა უზრუნველყოფილი საკუთარი საცხოვრებლით“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროს უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრება პირველადი ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტური დახვეწა, რაც უზრუნველყოფს ავადობის ადრეულ გამოვლენას, გააუმჯობესებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებელს.
„სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა იქნება. ჯანდაცვაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიღწევისთვის, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ყველა მოსარგებლე მიიღებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, მისთვის მოსახერხებელ ადგილას დაყოვნების გარეშე.
გაგრძელდება აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფა ქრონიკული დაავადებების ეფექტური მართვისთვის. ასაკობრივი პენსია ეტაპობრივად 300 ლარამდე, სხვადასხვა საპენსიო კატეგორიისთვის კი 400 ლარამდე გაიზრდება.
შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ 13 000-ზე მეტი დევნილი მოსახლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.