საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო რწმუნებულებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე. ამასთან, მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს დეტალურად განუმარტა ის პროცედურები, როგორ მოხდება სოფლის მეურნეობის სექტორში საქართველოს მოქალაქეების დასაქმება.
ეკატერინე ტიკარაძემ გუბერნატორებს პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.
„საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში დროებითი ლეგალური დასაქმება სამი თვით შეეძლებათ. გერმანიის მხრიდან დიდი მხარდაჭერა გვაქვს, პასუხისმგებლობები და რისკები დეტალურადაა გაწერილი და ორივე მხარეზეა გადანაწილებული. სამუშაოს მაძიებლებს გერმანიაში ჩასვლა ერთჯერადად შეეძლებათ, თუმცა ვმუშაობთ, რომ მოხდეს სხვა ტიპის სამუშაოების შემოთავაზებაც. მთავარი საყრდენი თქვენ ხართ და ამ პროცესში რეგიონების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ეს იქნება ახალი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ორგანიზებული, ლეგალური და ღირსეული შრომითი პირობებისთვის. პროცესში აქტიური მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც.
„სამუშაო ჯგუფის ფორმატში განვიხილეთ გერმანიაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გერმანელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება ახალი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ორგანიზებული, ლეგალური და ღირსეული შრომითი პირობებისთვის“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, სეზონური სამუშაოები გერმანიაში პირველი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდან არის შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე http://workabroad.moh.gov.ge/ გადის.