ეკატერინე ტიკარაძე - რეგულაციების ხარისხობრივად აღსრულების შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, გარკვეულწილად შევაკავოთ ინფექცია
არ დავმალავ და ვიტყვი, დაწყებული პირველი ტალღიდან ჩვენ ყოველთვის გვქონდა ხოლმე კამათი, რომელი ტიპის რეგულაცია არის უფრო ეფექტური, საჭირო, უფრო გონივრული ან დროული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია რეგულაციების ხარისხობრივად აღსრულება და აღნიშნა, რომ თუ რეგულაციები ხარისხობრივად აღსრულდება, ქვეყანა ინფექციის შეკავებას მოახერხებს.
„დღეს ნებისმიერი რეგულაცია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რეგულაციის დაწესების მიღმა, ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემთვის, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისთვის და არა მხოლოდ მინისტრისთვის, არის ამ რეგულაციების ხარისხობრივად აღსრულება. თუ ეს რეგულაციები ხარისხობრივად აღსრულდება, მაშინ დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ გარკვეულწილად შევაკავოთ ინფექცია. ეს არ იქნება 80-90 პროცენტიანი ეფექტი, თუმცა ამას შეიძლება, ჰქონდეს დაახლოებით 20 პროცენტიანი ეფექტი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შევამციროთ ინფექციის გავრცელების სიჩქარე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, გუშინ საკორდინაციო საბჭოს მიერ გამოცხადებული ყველა რეგულაცია მნიშვნელოვანია, რათა აღსრულდეს იმ ზედმიწევნითი სიზუსტით, რომელიც რეალურად დადგენილებაში იქნება გაწერილი.