ეკატერინე ტიკარაძე - ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება ამ ეტაპზე არ განიხილება, მცდარი ინფორმაციის გავრცელება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება
დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება, თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრი აცხადებს, დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.
ამასთან, ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
„საქართველოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების კუთხით ეპიდემიური სიტუაცია საყურადღებო რჩება. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან შემთხვევების მატებას მეტად ლოკალიზებული ხასიათი ჰქონდა და უპირატესად შეეხო იმ რეგიონებს, სადაც აცრილი მოსახლეობის რაოდენობა სხვებთან შედარებით მცირეა, მათ შორის კახეთი და იმერეთი. ამ ეტაპზე შემთხვევების საშუალო დღიური მაჩვენებელი 4000-ის ფარგლებშია და სწრაფი ზრდის ტენდენციები არ იკვეთება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას დადგენილი რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება. თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. როგორც ჩანს, ამას გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად აკეთებენ“, – განაცხადა ტიკარაძემ.