ეკატერინე ტიკარაძე - პიკური სტადია აპრილის მეორე ნახევრიდანაა მოსალოდნელი
ეკატერინე ტიკარაძე - პიკური სტადია აპრილის მეორე ნახევრიდანაა მოსალოდნელი

ჩვენ მივიჩნევთ, რომ პიკურ სტადიას შესაძლოა აპრილის მეორე ნახევრიდან ველოდოთ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, იყო მოლოდინი, რომ დაახლოებით 10 აპრილამდე სიტუაცია იქნებოდა მზარდი, მაგრამ კონტროლირებადი.

„მივყვებით ჩვენს დადებულ გეგმას და სიტუაცია დღეს კონტროლირებადია, რადგან ამ 10 პაციენტიდან ძირითადი კონტაქტები ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან არის დადგენილი და მათი უმეტესობა უკვე ცნობილი კლასტერებიდან ან იმ საკარანტინო ზონებიდანაა, რომლებშიც არიან განთავსებული ჩვენი პაციენტები. ეს გვაძლევს საფუძველს, ჩვენ არ ჩავთვალოთ, რომ არის განგაშის ზარის შემოკვრის დრო ქვეყანაში, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველსაც, რომ ჩვენ არ გავამკაცროთ ღონისძიებები და არ დავსახოთ სტრატეგია, უკვე გართულებული შემთხვევების მართვისთვის და გაზრდილი შემთხვევების მართვისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პიკურ სტადიას შესაძლოა ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი – როგორც სახელმწიფო მხრიდან, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. აღსრულების ნაწილი იქნება დამოკიდებული ამაზე, თუ რამდენად ხანგრძლივი და რა რაოდენობა პაციენტები გვეყოლება აპრილის ბოლოს და მაისში; თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პიკური პერიოდი და როგორ მოხდება მისი შეკავება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.