ეკატერინე ტიკარაძე - პატრიარქთან შეხვედრაზე ჩემი თხოვნა იყო, ლოცვებსა და სხვადასხვა ქადაგებაში სოციალურ დისტანციასა და ნიღბების გამოყენებაზე მეტი მოწოდება
ჩემი მხრიდან თხოვნა შეეხებოდა სოციალური დისტანციისა და ნიღბების ტარებას, ამის მეტად მოწოდებას, როგორც ლოცვებში, ასევე სხვადასხვა ქადაგებებში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია საპატრიარქოს დეტალური ინფორმირება, რა საფუძვლებს ემყარება ჯანდაცვის სამინსიტროს გადაწყვეტილებები ამა თუ იმ ვაქცინაციის შერჩევასთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხოა ის მოსახლეობისთვის, რა ტექნოლოგიებს ემყარება ვაქცინაცია და რამდენად შეიძლება იყოს ერთ-ერთი, შეიძლება ითქვას, ერთადერთ გამოსავალი შევძლოთ და დავძლიოთ ეს გლობალური გამოწვევა, რასაც კოვიდპანდემია ჰქვია.
„შეხვედრა იყო ორმხრივი ინიციატივით. მეც ვთვლი, რომ მაქვს ვალდებულება საპატრიარქო იყოს დეტალურად ინფორმირებული იმ მიმდინარე მოვლენებზე, რაც დღეს ქვეყანაშია. შევხვდი პატრიარქს და მისი განწყობა არის ცალსახად, რომ ის, როგორც ჩვენ ვართ მომხრე ნებაყოფლობითი იყოს ვაქცინა, არ იქნება არანაირი დაძალება და იძულება მოქალაქეების. მნიშვნელოვანია, მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება უსაფრთხოებასთან, სარგებელთან დაკავშირებით და ჩვენ გავიარეთ ეს საკითხები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კითხვაზე, ხომ არ იყო საუბარი საპატრიარქოს წარმომადგენლების საჯარო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე არ უსაუბრიათ.
„ეს ცდება ჩემს კომპეტენციას და მე მსგავსი კომპეტენცია არ გამაჩნია, ისინიც თავისუფალი არიან არჩევანში. მას შემდეგ, რაც მიიღეს დეტალური ინფორმაცია, შესაძლოა, თავად მიიღონ გადაწყვეტილება ვაქცინაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.