საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ჯანდაცვის რეფორმის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლო სფეროებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსაც.
მინისტრთან შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა პროდუქტიულად შეაფასა.
„შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული, რომელსაც ვაშინგტონიდან მოწვეული ჯანდაცვის მაღალკვალიფიციური ექსპერტები ესწრებოდნენ. განვიხილეთ ჯანდაცვის სისტემაში არსებული რეფორმები და ვისაუბრეთ ახალ შესაძლებლობებზე, რაც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის არის გამიზნული. საუბარი შეეხო ფასწარმოქმნას, სახელმწიფო დანახარჯების ეფექტიანად გადანაწილებას, საჯარო და კერძო სექტორს შორის არსებულ დინამიკას. მოუთმენლად ველით სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ამ საკითხებზე მუშაობას და ჯანდაცვის კუთხით იდეალური შედეგის მიღწევას“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა.
სამუშაო შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიაც ესწრებოდა.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, შეხვედრაზე ის ტექნიკური საკითხები გამოიკვეთა, რაშიც მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ჯანდაცვის რეფორმის პროცესში მონაწილეობა, ჯანდაცვის დაფინანსების რეფორმის საკითხები, ასევე ხარჯების დადგენის, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, ეს არის ყველა ის სფერო, რაზეც ჩვენ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად, მოკლე ხანში, გვექნება მუშაობის დაწყების საშუალება და ეს ყველაფერი მოხდება ახლად ჩამოყალიბებული უნივერსალური ჯანდაცვის საბჭოს ფარგლებში, რომელიც გააერთიანებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, სამედიცინო დაწესებულებებს და შექმნის ძალიან კარგ პლატფორმას, რათა ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იყოს ერთიან, გაზიარებულ ფორმატში, საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.