მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდნენ
მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდნენ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, დღეს ვაქცინაციის საბჭომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ვებპორტალის შექმნას უკავშირდება.
„დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და ასევე, მათ არჩევანს უფრო მეტად გააფართოვებს. ეს არის ვებპორტალი, რომელიც გამოქვეყნდება როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, ასევე დაავადებათა კონტროლის ვებგვერდზე, სადაც მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება მიეცემათ, წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე განცხადებით, პორტალზე მოქალაქეთა დარეგისტრირება იქნება საშუალება, რათა მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომელი ვაქცინები შემოვიდეს ქვეყანაში.
„მათ საშუალება ექნებათ, აირჩიონ ყველა ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი. ეს კვლევა დაგვეხმარება, მივიღოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება და ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა გადავწყვიტოთ, შემდეგ რომელი ვაქცინები შემოვიტანოთ ქვეყანაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.