ეკატერინე ტიკარაძე - მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 13 000 დევნილი მიიღებს საცხოვრებელს
ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ვიზრუნებდით საკუთარ სამშობლოში დევნილ მოსახლეობაზე და ამ პირობას ჩვენ ურყევად ვასრულებთ, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სამინისტროს მიერ უკვე დაკმაყოფილდა 23 000-მდე დევნილი ოჯახი.
„2021 წლისთვის დაგეგმილი გვაქვს 3500-მდე დევნილი ოჯახის ბინებით დაკმაყოფილება. ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენი გეგმის თანახმად 13 000 დევნილი მიიღებს საცხოვრებელს. გარდა საცხოვრებლით უზრუნველყოფისა, ჩვენი ამოცანაა, დევნილებს დავეხმაროთ სოციალურ ინტეგრაციაში, დასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში. ამ მიზნით, ჩვენ მათ ვუწევთ მნიშვნელოვან მხარდაჭერას დასაქმების, საარსებო წყაროების შექმნისა და პირადი ბიზნეს საქმიანობის განხორციელებისთვის. ჯანმრთელი მოქალაქე, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო კვლავ რჩება ჩვენი უწყების ურყევ პრიორიტეტად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.