ეკატერინე ტიკარაძე - მნიშვნელოვანია არა საწოლების რაოდენობა, არა სასუნთქი აპარატები, არამედ ჩვენი საექიმო რესურსი, რომელიც ლიმიტირებულია, ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს
მნიშვნელოვანია არა საწოლების რაოდენობა, არა სასუნთქი აპარატები, არამედ ჩვენი საექიმო რესურსი, რომელიც ლიმიტირებულია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა მაქსიმალურად მომზადებულია, თუმცა ვირუსის მართვის პროცესი ასევე დამოკიდებულია მოქალაქეების ქცევაზე.
„ჩვენ ეპიდსიტუაციის მსგავს განვითარებას ველოდით, ვინაიდან ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით, რა არის ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ წინა 14 დღის განმავლობაში დაფიქსირებული ინფექციის რაოდენობის ცვლილებიდან გამომდინარე, გავაკეთოთ მომდევნო ორი კვირის პროგნოზი. აქედან გამომდინარე, ვდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს, რითაც ჯანდაცვის სისტემა მომზადებულია, მიიღოს პაციენტები სამ სხვადასხვა დონეზე. ამაში ჩვენ ვგულისხმობთ ოჯახის ექიმების ჩართულობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე კოვიდსასტუმროებს, სადაც ჩვენი მოქალაქეები გადიან მკურნალობას და თვითონ კოვიდკლინიკები.
ჩვენ ბოლო პერიოდში ხაზს ვუსვამთ, რომ ეს პროცესი ასევე დამოკიდებულია ადამიანების ქცევაზე. ამ მიდგომას მიმართავს არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა. ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაიცვან ყველა ის წესი, რომელიც მოწოდებულია ეპიდემიოლოგების მხრიდან. ამაში ჩვენ ვგულისხმობთ პირბადეების ინტენსიურ გამოყენებას როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, საკმარის ჰიგიენას და სოციალურ დისტანცირებას – ყოველივე ეს განსაზღვრავს, რა იქნება გავრცელების პიკი.
ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალურად მომზადებულია, მაგრამ მნიშვნელოვანია არა საწოლების რაოდენობა, არა სასუნთქი აპარატები, არამედ ჩვენი საექიმო რესურსი, რომელიც ლიმიტირებულია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ ყველა ის ზომა, რომელიც მოწოდებულია პანდემიის პერიოდში“, – განაცხადა ტიკარაძემ.