ეკატერინე ტიკარაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, გარკვეული ვადით „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაიკეტოს, ამასთან, სასტუმროში დაიწყება ეპიდემიოლოგიური კვლევა
მივიღეთ გადაწყვეტილება, გარკვეული ვადით „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაიკეტოს, ამასთან, სასტუმროში დაიწყება ეპიდემიოლოგიური კვლევა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ჩაქვში მდებარე სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“, სადაც ერთ-ერთ ვიზიტორს კორონავირუსი დაუდასტურდა, კონფერენციას 400-მდე ექიმი ესწრებოდა.
„მნიშვნელოვანი მდგომარეობაა სასტუმრო „ოაზისში“, სადაც 400-მდე ქართველი ექიმი ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას ესწრებოდა. იქ აუცილებლად უნდა ჩასულიყვნენ ჩემი მოადგილე თამარ გაბუნია და ასევე, რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე. ამ დროისათვის, მიგვაჩნია, რომ მათი ვიზიტი უნდა გადაიდოს, ვინაიდან იცით, სასტუმრო „ოაზისში“ კორონავირუსი დაფიქსირდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული ვადით სასტუმრო „ოაზისი“ ჩაიკეტება, თუმცა ამასთან, მყისიერად მივიღეთ ზომები, რომ ამ სასტუმროში დაიწყოს ეპიდემიოლოგიური კვლევა, ექიმების ტესტირება, რათა მოხდეს მათი გადანაწილება თვითიზოლაციასა და კარანტინში, პროტოკოლის შესაბამისად,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.