ეკატერინე ტიკარაძე - მინდა, დღეს ვთხოვო მთავრობის ყველა წევრს, რომ ეს არ არის მხოლოდ რეკომენდაციები რეკომენდაციებად, ეს არის ძალიან რთული ბრძოლა
ჩვენ დღეს მთელს მსოფლიოსთან ერთად ვდგავართ ძალიან რთული გამოწვევის წინაშე, რომელიც არ არის გამოწვევა მხოლოდ საქართველოსთვის, რომელიც არ არის გამოწვევა მხოლოდ ექიმებისთვის. ეს არის საკაცობრიო გამოწვევა და ყველანი ერთად ვებრძვით უხილავ მტერს, „კოვიდ-19“-ს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გორში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრმა არსებული რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამედიცინო სექტორი მძიმე ვითარებაშია.
„მაშინ, როდესაც 30-ობით ოჯახი დღეს კარგავს თავის დედას, მამას, დას, ძმას, შვილს, არ შეიძლება, რომ ჩვენ დავრჩეთ გულგრილები და არ შეიძლება ჩვენთვის არ იყოს მნიშვნელოვანი ის რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმეორებთ.
ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ მაინც გვიწევს დღეს დავაკვირდეთ იმ ხალხმრავალ შეკრებებს, რომლისგანაც ჩვენ თავს ვერ ვიკავებთ, იმ სოციალურ ღონისძიებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვთმობთ და სწორედ მათ გამო ჯანდაცვის სექტორი დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში.
მინდა, დღეს გავავრცელო კიდევ ერთი თხოვნა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. მინდა, დღეს ვთხოვო ასევე მთავრობის ყველა წევრს, რომ ეს არ არის მხოლოდ რეკომენდაციები რეკომენდაციებად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.