ეკატერინე ტიკარაძე - მარნეულში ჯგუფები ატარებენ საველე სამუშაოებს დამატებითი კონტაქტების მოკვლევისა და მათი მდგომარეობის დადგენის მიზნით, დღის ბოლოს ველოდებით გარკვეულ შედეგებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მარნეულიდან გადმოყვანილ პაციენტთან შეხებაში მყოფი პირების დადგენის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე დადგენილია 100-ზე მეტი კონტაქტი.
ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებზეც ისაუბრა.
„დღეს ჩვენი ექიმების შრომამ ნამდვილად გამოიღო შედეგი და ეს ძალიან სასიხარულო ამბავია როგორც ჩვენთვის, ასევე მოქალაქეებისთვის. რვა პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია, რომლებიც დღეს გაეწერებიან სახლში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი, რა თქმა უნდა, როგორც მითითებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებში, კიდევ იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ უკვე თვითიზოლაციაში. დღეს, დღის ბოლოს კიდევ ველოდებით დამატებით სამ პაციენტზე ინფორმაციას და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პაციენტებსაც, როგორც გამოჯანმრთელებულებს, სახლში გავწერთ“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, სტაციონარში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 250 პაციენტი.
„მათი მდგომარეობა სტაბილურია. დადასტურებული კორონავირუსი მათზე არ არის, მაგრამ გარკვეული სიმპტომებიდან გამომდინარე, მათზე მიმდინარეობს ექიმების დაკვირვება. ასევე, გვყავს კარანტინში განთავსებული ჩვენი მოქალაქეები და მათი რიცხვი არის 3500-მდე. არც მათ აქვთ ამ ეტაპისთვის არანაირი სიმპტომი, მათზეც მიმდინარეობს ეპიდემიოლოგების დაკვირვება. თქვენთვის ცნობილია მარნეულში მიმდინარე მოვლენებიც. გამოვლენილია 100-ზე მეტი კონტაქტი, რომლებთანაც ჰქონდა ჩვენს პაციენტს ურთიერთობა. ჯგუფები უკვე გასულები არიან, საველე სამუშაოებს ატარებენ და მიმდინარეობს ყველა ადამიანის არა მხოლოდ მოკვლევა, არამედ უკვე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა. დღის ბოლოს ჩვენ ველოდებით გარკვეულ შედეგებს, რომელსაც აუცილებლად გავაცნობთ მოქალაქეებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.