ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეები პირად კონტროლზე ყავს აყვანილი
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეები პირად კონტროლზე ყავს აყვანილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრო ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საკითხზე ყველა უწყება ერთობლივად მუშაობს.

„პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი. ჩვენ ყველა უწყება ერთობლივად ვმუშაობთ. გვაქვს აბსოლუტურად სრული ინფორმაცია შემომავალ მგზავრებზეც და ასევე, იმ პირებზეც, რომლებიც ამ ეტაპზე სამედიცინო დაკვირვების პროცესში იმყოფებიან. საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა ღონისძიება უკვე გატარებული გვაქვს, რაც ახალი კორონავირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. ასევე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს განცხადებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, უკვე შემოღებულია დამატებითი რეგულაციები, რაც ამ ეტაპისთვის იყო საჭირო, საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო გამკაცრდება სასაზღვრო ზონის დაცვა.

„ჩვენ არ ვართ მომხრე, საქართველოში შემოსვლა სრულიად ავკრძალოთ, ვინაიდან გვაქვს საკმარისი რესურსი, რათა გვქონდეს პრევენციული კონტროლი და შემდეგ შემოსულ მოქალქეებს, რომლებსაც  დახმარება სჭირდებათ, მოვათავსოთ ისინი ან სტაციონარში ან კარანტინში. ამ ეტაპზე იტალიასთან მიმართებაში დამატებით რეგულაციებს არ ვგეგმავთ. ჩვენი საელჩო მუშაობს ამ მიმართულებით. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იტალიელი მგზავრი, როგორც ევროკავშირის მოქალაქე, მოწმდება როგორც ადგილზე, იტალიაში, ასევე მოწმდებიან ჩვენს საზღვარზეც სპეციალისტების მიერ. საჭიროების შემთხვევაში მათაც გაეწევათ ის დახმარება, რასაც ჩვენ სხვა მოქალაქეებს ვუწევთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან საქართველოში საუკეთესო პირობებში.

„საჩხერის სასტუმრო კომპლექსთან ახლოს მდებარეობს კლინიკა, რომელსაც აქვს იმის რესურსი, რომ საჭიროების შემთხვევაში, ადამიანებს გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება პირბადეების მარაგს, მინისტრი ამბობს, რომ დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი. საქართველო ვერ იქნებოდა გამონაკლისი. „ჩვენ ვმუშაობთ, რომ  მომწოდებლებმა დამატებით შემოიტანონ პირბადეები შესაბამისი ღირებულებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.