ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსის მართვაში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სრული დატვირთვით ჩაერთვება
კორონავირუსის მართვაში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სრული დატვირთვით ჩაერთვება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ბათუმში „კოვიდის“ მართვისთვის კლინიკების განახლებული სია დღის ბოლოს იქნება წარმოდგენილი.
„რაც შეეხება სტაციონარების მობილიზებას, როგორც გაზაფხულზე, ასევე ახლაც გვაქვს მობილიზციის გეგმა. პირველ რიგში, ამ ქსელში ჩაერთვება სრული დატვირთვით 170 საწოლზე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. დღეს უკვე მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროში ჯგუფი, რომელიც ამ კონკრეტულ გეგმაზე არის პასუხისმგებელი და დღის ბოლოს უკვე გვექნება განახლებული სია საავადმყოფოების, რომლებიც ჩაერთვებიან „კოვიდის“ მართვაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში 7 სექტემბრის მონაცემებით, კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი. კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ექვსი „დონას“ კლასტერს უკავშირდება, 15 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, რვას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, ორი იმპორტირებული, ორზე კი კვლევა გრძელდება.