ეკატერინე ტიკარაძე - ხვალ გაიმართება ვიდეოკონფერენცია, სადაც ჩინელი ექიმები ქართველ სამედიცინო პერსონალს კორონავირუსზე გამოცდილებას გაუზიარებენ
კორონავირუსის პრევენციისა და მასზე რეაგირების საკითხების განხილვის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები ვირუსთან ბრძოლის მიზნით ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.
უწყების ცნობით, ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ჩინელი ექიმების თავდადებას. მისივე თქმით, მაგალითის მომცემია ის, თუ როგორ უმკლავდება აღნიშნულ პრობლემას ქვეყანა. მინისტრმა ჩინეთის რესპუბლიკას კორონავირუსით გარდაცვლილების გამო მიუსამძიმრა.
„მიმოვიხილეთ ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩინეთში ვითარდებოდა. ვისაუბრეთ კორონავირუსის გამოსავლებზე, და ასევე შევთანხმდით გარკვეულ სტრატეგიაზე. ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება მოხდა დღეს ჩვენს შორის, ხვალ გაიმართება ვიდეოკონფერენცია, სადაც ჩინელი ექიმები ქართველ სამედიცინო პერსონალს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. ეს, რა თქმა უნდა იქნება პრევენციული ხასიათის. ჩინელი მედპერსონალი იქნება მუდმივ ხაზზე, თუ ქართველ ექიმებს გარკვეული კითხვები ექნებათ ვირუსთან ბრძოლის შემთხვევაში“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჩინეთის ელჩმა ქართულ მხარეს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა და ის პრევენციული ღონისძიებები, რასაც საქართველო ახორციელებს, დადებითად შეაფასა.
„დღეს მინისტრთან განვიხილეთ კორონავირუსის პრევენციისა და კონტროლის მექანიზმები, გავცვალეთ ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით. შევთანხმდით მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე, რათა ერთობლივად შევძლოთ ვირუსთან ბრძოლა და არსებული სიტუაციის გამოსწორება. ჩვენს ექიმებს, პირველებს ჰქონდათ შეხება კორონავირუსთან, შესაბამისად პრევენციისა და კონტროლის მიზნით, ჩინელ და ქართველ ექიმებს შორის ხვალ ვიდეოკონფერენციაც გაიმართება, რათა ქართველმა მედპერსონალმა სწორედ მათგან მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია“, – განაცხადა ლი იანმა, ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.