ეკატერინე ტიკარაძე - ჯერ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, ვისგან დაინფიცირდა 62 წლის ქალბატონი, ამ საკითხზე ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანულ მხარესთანაც
ეკატერინე ტიკარაძე - ჯერ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, ვისგან დაინფიცირდა 62 წლის ქალბატონი, ამ საკითხზე ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანულ მხარესთანაც

ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია ზუსტი ინფორმაცია, ვისგან დაინფიცირდა 62 წლის ქალბატონი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

მისი თქმით, კონტაქტებში, რომლებშიც ეპიდემიოლოგებმა მოიძიეს, გამოვლენილია მარნეულში აზერბაიჯანიდან ჩასული რამდენიმე კონტაქტიც.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანულ მხარესთან და მათთვის მიწოდებული გვაქვს ამ ადამიანთა სახელები და გვარები, რის შედეგადაც დავაზუსტებთ. იმ შემთხვევაში, თუ მათ აზერბაიჯანში დაუდასტურდებათ „კოვიდ-19“, შეგვეძლება, ჩავთვალოთ, რომ კონკრეტული წყაროს მატარებელი და შესაბამისად, გადამცემი გამოვლინდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამ განცხადებით ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემის წამყვანის კითხვას უპასუხა, არის თუ არა 62 წლის ქალბატონის შემთხვევა მეოთხეული გადაცემა, როცა ცნობილი არ არის, კონკრეტულად ვისგან დაინფიცირდა ის.

ამასთან, კითხვაზე, იკვეთება თუ არა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით მარნეულიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი მამაკაცის შემთხვევაში ირიბი კონტაქტი 62 წლის ინფიცირებულ ქალბატონთან, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მათ შორის კონტაქტი არ იკვეთება, თუმცა, მოკვლევა მიმდინარეობს.

„ვინაიდან საკმაოდ მრავლობით კონტაქტებს ვიძიებთ, სხვადასხვა სამსახურის მხრიდან უფრო მეტად დეტალური ანალიზი არის საჭირო და მუშაობა მიმდინარეობს. ხვალ ამის შესახებ მეტად ზუსტი ინფორმაცია გვექნება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.