ეკატერინე ტიკარაძე ჯერ არ აკონკრეტებს, დაწესდება თუ არა მკაცრი ზომები გარდაბნის ორ სოფელში
გარდაბანში არსებულ ეპიდსიტუაციაზე დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელებთ. შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა მიდგომები იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გარდაბანში ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.
„ვინაიდან ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გარდაბანში ჩაღრმავებული კვლევა, დაველოდებით ეპიდემიოლოგების პასუხებს და უკვე გამოვლენილი რიცხვებიდან მივიღებთ გადაწყვეტილებას, იქნება თუ არა გარდაბანშიც მიღებული იგივე ზომები, რაც გვქონდა მარნეულში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
კითხვაზე, რას უკავშირდება კორონავირუსის შემთხვევების ზრდა გარდაბანში, მინისტრი ამბობს, რომ ამაზე კომენტარი ეპიდსიტუაციის სრული ანალიზის შემდეგ გაკეთდება, როდესაც ეპიდემიოლოგების მონაწილეობით საკოორდინაციო საბჭო გაიმართება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში დღეიდან გაფართოებული ტესტირება დაიწყო.