ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაშია ყველა უწყებასთან და მზად ვართ, ვმართოთ ყველა პროცესი
ჯანდაცვის სამინისტრო არის მუდმივ კოორდინაციაში ყველა უწყებასთან და მზად ვართ, ვმართოთ ყველა პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გამართული კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის 170-მდე მგზავრი იმყოფება კარანტინის რეჟიმში.
„ჯანდაცვის სამინისტრო არის მუდმივ კოორდინაციაში ყველა უწყებასთან და მზად ვართ, ვმართოთ ყველა პროცესი, გავუწიოთ რეკომენდაციები და დავეხმაროთ პროცესის მართვაში.
ამ ეტაპისთვის 170-მდე მგზავრი იმყოფება კარანტინის რეჟიმში. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის და იმ მზაობისთვის და რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ჩვენ ვუწევთ მათ.
ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო მგზავრებს, რომლებიც სამომავლოდ იდენტიფიცირებული იქნებიან და გამოხატავენ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას და ნებას, რომ მოახდინონ საკუთარი თავის თვითიზოლაცია და ასევე მოთავსდნენ კარანტინში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.