ეკატერინე ტიკარაძე - ინტენსიურად გავდივართ კონსულტაციებს, როგორ შეიძლება, ტრანსპორტში მწვანე საშვი იყოს კონტროლირებადი
არ შეიძლება, რეგულაცია დაწესდეს მხოლოდ რეგულაციისთვის, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული რეგულაცია აღსრულებადი იყოს, ტრანსპორტის შემთხვევაში ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, რომ ეს იქნება მხოლოდ ფიქტიური რეგულაცია, ინტენსიურად გავდივართ კონსულტაციებს, როგორ შეიძლება, ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი იყოს უფრო აღსრულებადი და კონტროლირებადი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიცვლება თუ არა მიდგომები და გამკაცრდება თუ არა რეგულაციები ახალი შტამის დაფიქსირების შემთხვევაში, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი შტამის დაფიქსირების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლი და რეკომენდაციები მნიშვნელოვნად გამკაცრდება.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, უახლოეს მომავალში გაფართოვდეს იმ ობიექტებისა და სივრცეების ჩამონათვალი, სადაც მწვანე პასპორტის წარდგენა სავალდებულო იქნება, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან საქართველოში ახალი შტამი დაფიქსირებული არ არის, ამ გადაწყვეტილების მომდევნო კვირაში მიღება სწორი არ იქნება.
„ამ ეტაპზე, ვინაიდან საქართველოში ახალი შტამი დაფიქსირებული არ არის, არ მგონია, რომ სწორი იყოს ამ გადაწყვეტილების სამშაბათს, საკოორდინაციო საბჭოზე მიღება. ეს არის ერთი პასუხი. გარდა ამისა, შემთხვევითი არ არის იმ დაწესებულებების ნუსხა, სადაც კოვიდსაშვი მოქმედებს. მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად დავაკვირდეთ კოვიდსაშვის რეგულაციებს, მისი მოქმედების მექანიზმს დავაკვირდეთ, აღსრულების მექანიზმი გავაკონტროლოთ და შემდეგ უკვე, ეს ეტაპობრივად გადავიტანოთ სხვა სექტორებზე. რაც შეეხება ტრანსპორტს, გეთანხმებით, რომ ტრანსპორტი შეიცავს გარკვეულ რისკებს, თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ არ შეიძლება, რეგულაცია დაწესდეს მხოლოდ რეგულაციისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული რეგულაცია აღსრულებადი იყოს. ტრანსპორტის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, რომ ეს იქნება მხოლოდ ფიქტიური რეგულაცია. ამისთვის, ჩვენ ინტენსიურად გავდივართ კონსულტაციებს, თუ როგორ შეიძლება, ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი იყოს მეტად უფრო აღსრულებადი და კონტროლირებადი. ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა რეკომენდაციებს გავცემთ და როგორი იქნება შემდგომში რეგულაციები ტრანსპორტთან მიმართებაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.