ეკატერინე ტიკარაძე - გავდივართ პიკს, გვაქვს საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელი, რაც ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის სექტორისთვის არის ნიშანი, რომ სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება
გავდივართ პიკს, ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელი, რაც ეპიდემიოლოგებისთვის და ჯანდაცვის სექტორისთვის არის ნიშანი, რომ სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, დღეს არის 46 ათასი აქტიური შემთხვევა.
„ამ შემთხვევების უმეტესი ნაწილი ჩვენი ოჯახის ექიმების მხრიდან იმართება ბინაზე. დღესდღეობით რვა ათასამდე საწოლი არის მობილიზებული უკვე ქვეყნის მასშტაბით, საიდანაც ძირითადი წილი მოდის თბილისზე. ჩვენ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდით თბილისში საკმაოდ მაღალ სიჩქარეს ინფექციის გავრცელებისას, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკავშირდებოდა იმას, რომ გარკვეული მიგრაციიდან გამომდინარე, ადამიანები ავადდებოდნენ სხვადასხვა რეგიონში და შემდეგ ისინი ბრუნდებოდნენ უკვე თბილისში, მათ საცხოვრებელ ადგილებში. დღესდღეობით ვაკვირდებით, რომ რეგიონების ჭრილშიც ინფექცია არის მზარდი. მობილიზაციაც საწოლების მიმდინარეობს რეგიონების დონეზეც და დღესდღეობით თბილისში 3 ათასზე მეტი პაციენტი გადის სტაციონარში მკურნალობას, დაახლოებით 900-მდე პაციენტი აჭარაში გადის მკურნალობას და 1000-მდე პაციენტი გადის იმერეთის სტაციონარებში მკურნალობას“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, დღესდღეობით ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და გუშინ 24 ათასამდე ადამიანი აიცრა.
„ყოველდღიურად აღინიშნება მატება, რომ ადამიანები უფრო და უფრო მაღალი ნდობით არიან ვაქცინის მიმართ განწყობილები და შესაბამისად, იღებენ გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან კარგი, თუმცა ასევე ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სექტორის სხვა წარმომადგენლები არაერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვაქცინაციის შედეგები იქნება შედარებით მოგვიანებით. სწორად რომ შევძლოთ ინფექციის მართვა და დღევანდელი არსებული პიკის სტაბილიზაცია მოხდეს, მნიშვნელოვანია, პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა და რეალურად ყველა იმ რეგულაციაზე ადეკვატური რეაგირება საზოგადოების მხრიდან, რომელიც ჩვენი მხრიდან არის მოწოდებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.