ეკატერინე ტიკარაძე - ეროვნული ბანკის თანამშრომლები იცავდნენ თვითიზოლაციისა და კარანტინის ჩვენ მიერ მითითებულ პირობებს
ეკატერინე ტიკარაძე - ეროვნული ბანკის თანამშრომლები იცავდნენ თვითიზოლაციისა და კარანტინის ჩვენ მიერ მითითებულ პირობებს

ეროვნული ბანკის თანამშრომლები იცავდნენ თვითიზოლაციისა და კარანტინის პირობებს, რომლებიც  მითითებული იყო ჩვენი მხრიდან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა ეროვნული ბანკის კლასტერთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა, რატომ დადიოდნენ ეროვნული ბანკის თანამშრომლები სამსახურში და რატომ არის ასეთი მოცულობითი ეროვნული ბანკის კლასტერი.

„ეროვნული ბანკის თანამშრომლები, რომლებიც იყვნენ დაკვირვების ქვეშ, სანამ გამოუვლინდებოდათ გარკვეული სიმპტომები, რის შემდეგაც მოხდა მათი ტესტირება და დადასტურდა კოვიდინფექცია, სამსახურში დადიოდნენ. უბრალოდ, მათ ამ დროისთვის არანაირი ჩივილი არ ჰქონდათ, შესაბამისად, არც დამსაქმებელს და არც ჯანდაცვის სამინისტროს, ისევე, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს, არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, აეკრძალა ამ ადამიანებისთვის მუშაობა. უბრალოდ, ისინი იცავდნენ თვითიზოლაციისა და საკარანტინე პირობებს, რომელიც მითითებული იყო ჩვენი მხრიდან. ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ასევე მათ დამსაქმებელთან. ისინი ასრულებდნენ ყველა მითითებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ახალი კორონავირუსი ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელს დაუდასტურდა, ასევე რიგ შემთხვევებში კოვიდინფექცია დაუდასტურდათ მათთან კონტაქტში მყოფ პირებსაც.