ეკატერინე ტიკარაძე - დინამიკაში იქნება ისეთი ტალღებიც, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იქნება მეტი, ვიდრე დაინფიცირებულების, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პიკი გადავლილია
დინამიკაში იქნება ისეთი ტალღებიც, როდესაც გამოჯანმრთელებულების რიცხვი იქნება უფრო მეტი, ვიდრე დაინფიცირებულების, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, დღეისათვის გვაქვს კორონავირუსის 420 დაფიქსირებული შემთხვევა და აქედან 107 გამოჯანმრთელებულია, ხუთი კი, გარდაცვლილი.
„ის, რომ რამდენიმე დღის წინ დაინფიცირებულების რიცხვი აღემატებოდა 40-ს და დღესდღეობით მხოლოდ 10-მდეა, ასეთი დინამიკა ამ ვირუსს ზოგადად ახასიათებს. ეს არ ნიშნავს, რომ პიკი გადავლილია, თუმცა ნიშნავს იმას, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც სახელმწიფოსა და მთავრობის გუნდის მხრიდან გატარდა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ეს გახლავთ ეფექტი, რომ ჩვენ შევძელით და მთელი ამ სამი თვის განმავლობაში ვმართავთ გრიპის ტალღებს, გრიპის პიკურ ფაზას ისე, რომ არ გვყავს ათასობით ინფიცირებული პაციენტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მესმის, ყველა ძალიან გაღიზიანებული ვართ და ეს ძალიან რთულია, რომ გვიჭირს გადაადგილება და შეზღუდულია ტრანსპორტი, მაგრამ ყოველივე ეს ღონისძიება არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც გვაძლევს სოციალური დისტანცირების უმკაცრესი ზომების დაცვის საშუალებას, რის შედეგადაც დღესდღეობით ჩვენ არ გვყავს ორი ათასი და ხუთი ათასი პაციენტი, არამედ გვყავს მხოლოდ 305 პაციენტი სტაციონარში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.