ეკატერინე ტიკარაძე - დევნილ ოჯახებს დამსახურებულად ეკუთვნით, იცხოვრონ შიშის გარეშე და საკუთარი სახლი ჰქონდეთ
დიდი შრომა არის ჩადებული, რომ გაგვეხარებინა ბავშვები, 251 ოჯახი, 1 000 ადამიანი, რომლებსაც დამსახურებულად ეკუთვნით, იცხოვრონ შიშის გარეშე და საკუთარი სახლი ჰქონდეთ, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დირსის“ კომპლექსში განაცხადა, სადაც 251 დევნილ ოჯახს სახლები გადაეცა.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს და ბატონ ელჩს ამ სიხარულის ჩვენთან ერთად გაზიარებისთვის. ნამდვილად ძალიან ბევრი შრომა არის ჩადებული იმისათვის, რომ დღეს ჩვენ საშუალება გვქონოდა, გაგვეხარებინა ეს ბავშვები, გაგვეხარებინა 251 ოჯახი და საერთო ჯამში, 1 000 ადამიანი, რომლებსაც ნამდვილად, დამსახურებულად ეკუთვნით, რომ იცხოვრონ უღრუბლო საქართველოში, შიშის გარეშე, საკუთარი საცხოვრისი გააჩნდეთ და ჰქონდეთ ელემენტარული პირობები, როგორც ჩვენს ღირსეულ მოქალაქეებს. ეს არის ჩვენს მიერ აღებული ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ წლების წინ მივანიჭეთ ძალიან დიდი მნიშვნელობა, უპირატესობა და ნამდვილად არ ვიშურებთ არც ერთ დღეს და არც ერთ წელს იმისათვის, რომ ეტაპობრივად მოვახდინოთ ყველა ადამიანის იმ საჭიროების დაკმაყოფილება, რომელსაც ჩვენ ნამდვილად ვიაზრებთ და ვხედავთ, რომ ეს აუცილებელია და არსებობს.
მინდა, მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, ამ შემთხვევაში „დირსის“ კომპლექსს, რომელმაც ჩვენ საშუალება მოგვცა, დაგვეკმაყოფილებინა ყველა ის საჭიროება, რომელიც დღესდღეობით იდგა საქართველოს მოქალაქეების წინაშე და ჩვენი დევნილი მოქალაქეების წინაშე. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი ფაქტი და საშუალება, რომელსაც ჩვენ გვაძლევს გერმანიის მთავრობა, რომ სულ უახლოეს მომავალში ჩვენ დავიწყოთ მშენებლობა 22-კომლიანი, სოფლის ტიპის საცხოვრებლის ჩვენი დევნილი მოქალაქეებისთვის და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ჩართულობა არის აღსანიშნავი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან, რომელსაც ისინი უკვე წლებია, აწარმოებენ და წლის ბოლომდე საშუალება გვექნება, ქუთაისსა და ზუგდიდში განვასახლოთ ჩვენი დევნილი მოსახლეობა.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, მადლობას გიხდით თქვენ იმ მოთმინებისთვის, რომელიც თქვენ წლების განმავლობაში გამოიჩინეთ სახელმწიფოს მიმართ, ჩვენს მიმართ და დიდი მადლობა ასევე იმისათვის, რომ დღეს საშუალება მეძლევა და თქვენთან ერთად ვიზიარებ ამ სიხარულს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.