ეკატერინე ტიკარაძე - დღესდღეობით ჰოსპიტალში განთავსებული გვყავს 5 705 პაციენტი, საიდანაც 1 044 ინტენსიურ, ხოლო 319 რეანიმაციულ საწოლზეა მოთავსებული
ეკატერინე ტიკარაძე - დღესდღეობით ჰოსპიტალში განთავსებული გვყავს 5 705 პაციენტი, საიდანაც 1 044 ინტენსიურ, ხოლო 319 რეანიმაციულ საწოლზეა მოთავსებული

დღესდღეობით ჩვენ გვყავს 5 705 პაციენტი ჰოსპიტალში განთავსებული, საიდანაც 1 044 არის ინტენსიურ საწოლზე მოთავსებული, ხოლო 319 პაციენტი არის რეანიმაციულ საწოლზე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის 331 საწოლი არის თავისუფალი და ბოლო 24 საათში გაეწერა 633 ადამიანი.

„მნიშვნელოვანია, რას ემყარებოდა გადაწყვეტილებები, რაც ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იქნა შეთავაზებული. ჩვენ გამოვიყენეთ მრავალი ცვლადი, რათა სწორად განგვესაზღვრა, რომელ ქალაქებზე უნდა გავრცელებულიყო შეზღუდვები. აქ მნიშვნლოევანი იყო ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი თითოეული რეგიონისა და ქალაქთან მიმართებაში, ასევე კლინიკების საწოლფონდი და სასტუმროების საწოლფონდი, რომელსაც ჩვენ ასევე პაციენტების მკურნალობისთვის ვიყენებთ, იქ არსებული თავისუფალი საწოლფონდი და რეზერვი დამატებითი, რისი მობილიზაციაც შესაძლებელი იყო. ასევე ოჯახის ექიმების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის სიმჭიდროვე, ოჯახების სულადობა, ბიზნესის გადანაწილება და ასევე აქტივობა თითოეულ რეგიონში და ასაკობრივი ზღვარი. თქვენ იცით, რომ ასაკობრივ ნაწილში ინფექცია ყველაზე მეტად არის სახიფათო და სწორედ ყველა ამ კომპონენტის გათვლით, მივიღეთ კონკრეტული რუკა, რის მიხედვითაც შემდგომში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელი ქალაქები უნდა მომხვდარიყო იმ შეზღუდვებში, რომელიც განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და რომელზეც მიიღო გადაწყვეტილება საბჭომ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, შეზღუდვებში ასევე მოყვნენ ქალაქები, რომლებიც ამ ეტაპისთვის არ არიან კრიტიკულ ზღვარზე.

„ჩვენ გვქონდა ხუთბალიანი შეფასების სისტემა. პირველ ორბალიან სისტემაში მოყვა აჭარა, რაც ასევე მოსალოდნელი იყო. აჭარის მაგალითზე იცით, რომ გვაქვს საუკეთესო საწოლფონდის გადანაწილება და აქედან გამომდინარე, იქ ინფექციის გამტარობა დღემდე აქტიურად და კარგად ხორციელდება. შემდეგი იყო თბილისი, გურია და იმერეთი, ხოლო დანარჩენ სამი დონის ქალაქებში, შეზღუდვები დაწესდა იმ პრინციპიდან გამომდინარე, რა გამოცდილებაც მივიღეთ ზაფხულში ბათუმის მაგალითზე, როდესაც ბათუმი იყო მწვანე ზონა, მაგრამ მოხდა ინფექციის მიგრაცია. ასევე ეს გამოცდილება აქვს ევროპასაც. ჩვენ ვიცით, რომ ზამთრის კურორტებზე იტალიაში სწორედ მოხდა ინფექციის გავრცელება და ეს ყოველივე ემყარება იმ გადაწყვეტილებებს, რომელზეც საბჭომ იმსჯელა და ამაზე დაყრდნობით მიიღო ამ ქალაქებში შეზღუდვები“, – განახცადა ტიკარაძემ.