ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი აქტიური ძალისხმევის, თანმიმდევრული მოქმედების შედეგად, დღეს სახეზეა გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სურათი და ნაწილობრივ გახსნილი ეკონომიკა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროს აქტიური ძალისხმევის შედეგად, ეპიდემიოლოგიური სურათი გაუმჯობესებულია.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, პანდემიის პირობებში ქვეყანამ ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა შეინარჩუნა.
„უპირველეს ყოვლისა მინდა შევეხო „კოვიდ-19“-ის პანდემიას, რამდგან იგი ჯერ კიდევ რჩება მთავარ გლობალურ გამოწვევად. ჩვენი აქტიური ძალისხმევისა და თანმიმდევრული მოქმედების შედეგად, დღეს სახეზეა გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სურათი და ნაწილობრივ გახსნილი ეკონომიკა. ჩვენ ერთად გავიარეთ საკმაოდ რთული წელიწადი, თუმცა, შევძელით და შევინარჩუნეთ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია, ჩვენ უწყვეტად ვაგრძელებთ მოქმედებებს პანდემიის გამოწვევებზე რეაგირებისთვის“,- აღნიშნა ტიკარაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე.