ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენ გვაქვს რესურსი, კორონავირუსს გავუმკლავდეთ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობას სამი პაციენტი აგრძელებს.
მინისტრის თქმით, მათ ამ ეტაპზე კორონავირუსი არ უდასტურდებათ, თუმცა საბოლოო პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.
ტიკარაძის განმარტებით, სინჯები გერმანიის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.
მინისტრმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებებზეც ისაუბრა.
„უკვე კვირაზე მეტია, ტარდება პრევენციული ღონისძიებები ჩვენს სასაზღვრო ზონებზე, სადაც შემოწმებულია ყველა ის მოქალაქე, რომელზეც მიტანილია ეჭვი, როგორც პოტენციურ კორონავირუსის მატარებელზე. ამ პრევენციულმა ღონისძიებებმა გამოიწვია ის, რომ საქართველო დღემდე იმყოფება მწვანე ზონაში. ჩვენ გვყავს მხოლოდ სამი პაციენტი, რომელიც მკურნალობას გადის ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ მათაც ამ ეტაპამდე კორონავირუსი არ უდასტურდებათ. ხვალ ველოდებით გერმანიიდან პასუხს, რომლითაც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, დაუდასტურდება თუ არა ამ სამ პირს კორონავირუსი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს რესურსი, გავუმკლავდეთ კორონავირუსს, ვინაიდან ეს არის ტიპურად მიმდინარე ვირუსი. ამ შემთხვევაში მთავარია, დროულად იყოს აღმოჩენილი დახმარება და მოხდეს პაციენტის დროული სტაციონარიზაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.