ეკატერინე ტიკარაძე - აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ ინფექციონისტების ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს, რათა არ მოხდეს ისეთი კოლაფსი, როგორიც სხვა ქვეყნებში მოხდა
აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ ინფექციონისტების ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს, რათა არ მოხდეს ისეთი კოლაფსი, როგორიც სხვა ქვეყნებში მოხდა, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ვითარებაა ინფექციონისტების და რეანიმატოლოგების მობილიზების კუთხით, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არის მხოლოდ 256 ინფექციონისტი, 488 რეანიმატოლოგი და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ამ აბსოლუტური რიცხვის ზრდა ვერანაირი ფინანსური ინვესტიციით ვერ მოხდება ისე, როგორც, მაგალითად, ეს შეიძლება, სასუნთქი აპარატების შესყიდვით და მათი რიცხოვნობის გაზრდით მოხდეს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არსებულ სასუნთქ აპარატებზე, რომელიც ჩვენს პაციენტებს ესაჭიროება, შეუძლია, იმუშაოს მხოლოდ 448 ინფექციონისტმა და მათი გადათვლა ჯანდაცვის სისტემაში საკმაოდ რთულად ხდება, რადგან არსებობს საშტატო ერთეულები და არსებობს მორიგეობის გრაფიკები, როგორც ინფექციონისტთან, ასევე რეანიმატოლოგთან მიმართებაში. მათი დღის რეჟიმი საკმაოდ რთულია და ისინი 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას საჭიროებს ამ ადამიანების მხრიდან ის, რომ სამუშაო კვალიფიციურად შეასრულონ. ჩვენ აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ ამ ადამიანების ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს, რათა არ მოხდეს ისეთი კოლაფსი, როგორიც სხვა ქვეყნებში მოხდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.