ეკატერინე ტიკარაძე - ამ ეტაპისთვის ნამდვილად არ ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რომ საველე ჰოსპიტალები საჭირო იყოს
ამ ეტაპისთვის ნამდვილად არ ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რომ საჭირო იყოს საველე ჰოსპიტალების ამოქმედება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„ამ ეტაპისთვის თავისუფალი გვაქვს 2 000-დან 2 200-მდე საწოლი. რა თქმა უნდა, ინფიცირების რიცხვი მაღალია, მაგრამ ასევე საკმაოდ მაღალია გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და სწორედ ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საწოლების ბრუნვის მაჩვენებელი საკმაოდ გააქტიურებული გვაქვს და აქედან გამომდინარე, ჰოსპიტალურ სექტორში ის გარკვეული საცობები არ წარმოიქმნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ეს რისკი შეიძლება, მას შემდეგ დადგეს, რაც საქართველოში ახალი შტამი დაფიქსირდება, რადგან უკვე ცნობილია, რომ მისი გავრცელების სიჩქარე საკმაოდ მაღალია და აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ინფიცირებულთა რაოდენობა კრიტიკულად და კრიზისულად გაიზარდოს.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ახალი შტამის დაფიქსირების შემთხვევაში მკაცრი ზომები იქნას მიღებული და ქვეყანა ჩაიკეტოს, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჯანმოს-სთან ამ კვირაში ჩატარებული კონსულტაციების შედეგად, ამ ორგანიზაციის ხედვაც არის, რომ ლოკდაუნი ნებისმიერი ქვეყნისთვის უნდა იყოს ყველაზე ბოლო ნაბიჯი.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ ალბათ, შევეცდებით, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკური აქტივობა და ყველა საჭირო სერვისი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ესაჭიროებათ. თუმცა, რა თქმა უნდა, ის გამოცდილება, რომელსაც ეტაპობრივად მიიღებენ ქვეყნები, სადაც ახალი შტამი უკვე ცირკულირებს, ჩვენ გადაგვახედინებს ალბათ, ამ გადაწყვეტილებებსაც. ამაზე მე ჯერ პასუხი არ მაქვს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველოში „ომიკრონის“ შემოსვლის შემთხვევაში ქვეყნის ჩაკეტვის საკითხი გამორიცხული არ არის, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ გამორიცხული ამ ეტაპზე, არაფერი არ არის, ვინაიდან პანდემია საკმაოდ მოულოდნელობითაა სავსე.