ეკატერინე ტიკარაძე - მთავრობა ადგილობრივი და უცხოელი მომწოდებლებისგან მუდმივად ავსებს სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობის მარაგს
როგორც ადგილობრივი მომწოდებლებისგან, ასევე უცხოეთიდან მუდმივ, ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, შევავსოთ სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობის მარაგი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია, აღჭურვილი იყოს ყველა ის კლინიკა, რომელიც ჩართულია პროგრამაში და არ შეექმნათ მათ დეფიციტი.
„მსოფლიოში არის აღჭურვილობის დეფიციტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ როგორც ადგილობრივი მომწოდებლებისგან და მწარმოებლებისგან, ასევე უცხოეთიდან მუდმივ, ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, შევავსოთ მარაგი. პირველ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღჭურვილი იყოს ყველა ის კლინიკა, რომელიც ჩართულია უკვე პროგრამაში, არ შეექმნათ მათ დეფიციტი და ხარვეზები დაცვის საშუალებების მიწოდებაში. ასევე შემდგომი კლინიკები, რომლებიც ეტაპობრივად იქნებიან ჩართულები. ეს არის ცხელების კლინიკები, მათზეც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას და მათი აღჭურვაც იქნება ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი. რაც შეეხება კერძო კლინიკებს, მზად ვართ, დავეხმაროთ მათ კომუნიკაციაში, რათა უკვე მათ დამოუკიდებლად უზრუნველყონ მედპერსონალისთვის ის უსაფრთხო გარემო, რომელიც მათ სჭირდებათ“, – განაცხადა ტიკარაძემ.