ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ შსს-სთან ერთად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა მეტადონის პროგრამა მინიმალური ხარვეზებით წარიმართოს
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ შსს-სთან ერთად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა მეტადონის პროგრამა მინიმალური ხარვეზებით წარიმართოს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა მეტადონის პროგრამა მინიმალური ხარვეზებით წარიმართოს.

კითხვაზე, მეტადონის პროგრამაში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა და კორონავირუსიდან გამომდინარე მათ რამდენიმე დღის მარაგის სახლში წაღება შეუძლიათ, ფიქსირდება რეალიზაციის შემთხვევებიც და როგორ კონტროლდება ეს ვითარება, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო შესაბამის უწყებებთან ერთად ახორციელებს მაქსიმალურ კონტროლს.

„მეტადონის პროგრამა ჯერ კიდევ გაზაფხულზე მუშაობდა ამ რეჟიმში. სამინისტროშიც გვქონდა გარკვეული კრიტიკული შეხედულებები, ვინაიდან გარკვეულ რისკს წარმოადგენს, როდესაც ჩვენ პროგრამაში ჩართულ პირებს ვაძლევთ ხუთი დღის დოზას. პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გათვალისწინებით, ვინაიდან ისინი საკმაოდ დიდი რისკის მატარებლები არიან, ჩვენ ავიღეთ გარკვეულ რისკები და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რათა მინიმალური ხარვეზებით წარიმართოს პროგრამა და მინიმალური კითხვა გააჩინოს. ეს პროგრამა დღესაც დაუბრუნდა გაზაფხულის რეჟიმს, ისევ და ისევ პაციენტის ინტერესებიდან, უსფართხოებიდან გამომდინარე. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროგრამაა და შესაბამის უწყებებთან ერთად ახორციელებენ მაქსიმალურ კონტროლს“, – განაცხადა მინისტრმა.