ეკატერინე ტიკარაძე აჭარაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ზაალ მიქელაძე აიცრა.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჰემოდიალიზის განყოფილება დაათვალიერა, რომელიც უახლესი თაობის აპარატურითაა აღჭურვილი. მინისტრის განცხადებით, ახალი განყოფილება საშუალებას იძლევა, პაციენტებს ჩაუტარდეს ჰემოდიაფილტრაცია და გახანგრძლივებული ჰემოდიალიზი.
აჭარაში ეკატერინე ტიკარაძემ ახალი ლაბორატორიაც დაათვალიერა, რომელიც სრულად აღჭურვილია უკანასკნელი თაობის აპარატურით, რაც პაციენტების სრულფასოვანი კვლევის საშუალებას იძლევა. საჭირო ინვენტარისა და აპარატურის შეძენა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მოხდა.
„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ჯანდაცვის სისტემისთვის სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს. პანდემიის პირობებში რესპუბლიკურმა საავადმყოფომ მოსახლეობას დიდი დახმარება გაუწია. ადგილზე ჰემოდიალიზის განყოფილებაც დავათვალიერეთ, რომელიც 56 პაციენტს მოემსახურება. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში თანამედროვე ლაბორატორიაა, რაც პაციენტების სრულფასოვანი კვლევის საშუალებას იძლევა“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
150 000 ევროს ღირებულების ჰემოდიალიზის აპარატურისა და საწოლების შეძენა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოხდა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.