ეკატერინე მიქაბაძე - ტურიზმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის „ჩამოსვლის მიღმა – ახალი შესაძლებლობები ქართული ფირმებისთვის ტურიზმის გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში“ პრეზენტაციაში.
ღონისძიებას, ასევე, დაესწრო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსი.
აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ერთობლივად წარდგენილი ეს ანგარიში, ტურიზმის პოტენციალის განვითარების მიმართულებით, მთავრობასთან მსოფლიო ბანკის გრძელვადიანი თანამშრომლობის ნაწილია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ტურიზმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია.
მიქაბაძის თქმით, ამის მიუხედავად, მიმდინარეობს არაერთი რეფორმა, რომლის მიზანსაც საქართველოს ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხის ამაღლება, ახალი ტურისტული მიმართულებებისა და პროდუქტების შექმნა და საბოლოო ჯამში, ქვეყანაში უფრო მაღალ მხარჯველუნარიანი ვიზიტორების ჩამოყვანა წარმოადგენს.
„მსოფლიო ბანკის ანგარიში მნიშვნელოვანია ერთის მხრივ საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიის განხორციელებისათვის, რომელიც მთავრობამ მსოფლიო ბანკთან კოოპერაციით შექმნა და მეორე მხრივ, ანგარიში შესაძლებლობაა კერძო სექტორისა და საერთაშორისო დონორების ჩართულობით დავსახოთ ახალი გამოწვევების დაძლევის გზები,“ – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ორ ცენტრალურ შეკითხვაზე – როგორ ცვლიან ახალი ტენდენციები ტურიზმის გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვების სტრუქტურას და როგორ შეუძლიათ ქართულ ფირმებს ასეთი ცვლილებებიდან სარგებლის მიღება, ასევე, რა სახის დარგობრივი პოლიტიკის რეფორმები, ინვესტიციები ან უნარების განვითარებაა საჭირო საქართველოს ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვებში კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, ტრადიციული საქმიანობა, როგორიცაა, მაგალითად, კულინარული სერვისები, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, გიდების მომსახურება და სასტუმრო ბიზნესის ტრენინგის დაწესებულებების არსებობა, ტურიზმისთვის უმნიშვნელოვანეს საყრდენ წერტილად დარჩება, მაგრამ, გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვების სტრუქტურის ცვლილებასთან ერთად, საქართველოს შესაძლებლობა აქვს, კონკურენტუნარიანი გახდეს მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე განვითარებად მიმართულებებში.
„ქართული კომპანიები მოახერხებენ ახალი შესაძლებლობების გამოყენებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად იქნებიან აღჭურვილნი და კონკურენციას გაუწევენ უცხოურ კომპანიებს“, – განაცადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.
პრეზენტაციას ტურიზმის სექტორისა და საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.