ეკატერინე მიქაბაძე - სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას პოზიტიურად აფასებს
ეკატერინე მიქაბაძე - სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას პოზიტიურად აფასებს

ძალიან მნიშვნელოვანია პოზიტიური მომენტები, რომლითაც  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მეორე მიმოხილვა არის გაჯერებული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მეორე მიმოხილვის ანგარიშის შეფასებისას მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ანგარიში 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა.

„სავალუტო ფონდი ძალიან დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც პროგნოზირებულზე გაცილებით მაღალია, იძლევა რეალურ საფუძველს, რომ სტრუქტურული რეფორმები, რომელიც მიმართულია საქართველოში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, რაც შეიძლება მოკლე ვადებში იყოს რეალიზებული“, – აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი, უმეტესობა მნიშვნელოვანი გადაჭარბებით. მიმოხილვაში ფონდი აქცენტს აკეთებს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებსა და გაუმჯობესებაზე. ფონდის შეფასებით, შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც მიზნად ისახავს მაღალ და ინკლუზიურ ზრდას, ეკონომიკის მდგრადობის უზრუნველყოფას და განათლების, ინფრასტრუქტურის და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას.