ეკატერინე მიქაბაძე - ივლისში ეკონომიკური ზრდის მთავარი კონტრიბუტორი მშენებლობის, მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორებია
ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია, 2019 წლის ივლისში ეკონომიკურ ზრდაში მთავარი კონტრიბუტორი იყო მშენებლობა, ასევე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მრეწველობასა და ვაჭრობაში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია საგარეო ვაჭრობის მონაცემების მკვეთრი გაუმჯობესება – 2019 წლის ივლისში ექსპორტი გაიზარდა 17.5 პროცენტით, სავაჭრო დეფიციტი 83.5 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 6.1 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-ივლისის საშუალო ზრდა 5.1 პროცენტს გაუტოლდა.
„მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ოპერაციები უძრავი ქონებით და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა – ის ძირითადი სექტორებია, სადაც მიმდინარე წლის ივლისში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა. გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, ივლისში 7.8 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი, რაც შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე“, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, 2019 წლის ივნისში სავალუტო ფონდმა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში არსებული პროგრამის მეოთხე მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც ფონდი აქცენტს აკეთებს ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან პროგრამის შეუფერხებელ განხორციელებაზე.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სავალუტო ფონდის მხარდაჭერას ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისადმი“, – აღნიშნა მიქაბაძემ.
მისივე განცხადებით, 2019 წლის აგვისტოში სარეიტინგო კომპანია „ფოტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა, რაც მინისტრის მოადგილის შეფასებით, რეგიონში არსებული მდგომარეობის და გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე.
„2019 წლისთვის დაგეგმილია მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების და კერძო სექტორის ხელშემწყობი ინიციატივების განხორციელება, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.