ეკატერინე მიქაბაძე - დიალოგი და ხორბლის იმპორტზე რეგულაციის ამოქმედების გადავადება სწორი გადაწყვეტილება იყო 
ეკატერინე მიქაბაძე - დიალოგი და ხორბლის იმპორტზე რეგულაციის ამოქმედების გადავადება სწორი გადაწყვეტილება იყო 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ხორბლის იმპორტთან დაკავშირებული რეგულაციის ამოქმედების გადავადება სწორი გადაწყვეტილება იყო.

მისივე შეფასებით, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან კარგი შეთავაზება გაკეთდა და 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე ბრძანების ამოქმედების გადავადება ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილებაა.

„ყველა სფეროში არსებობს გარკვეული საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც დროთა განმავლობაში,  იხვეწება და იცვლება. საქართველო აქტიურ ნაბიჯებს დგამს მთელი რიგი დარგების ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ მოქალაქეების ინტერესები, სოციალური ფაქტორი და მაქსიმალურად ვეცადოთ, ახალმა რეგულაციებმა ისინი არ დააზარალოს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანსა და ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავ მეწარმეეებსა და მძღოლებს შორის დღეს კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადაიდო.