ეკატერინე მიქაბაძე - დასაქმების სტატისტიკა მიგვითითებს ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნისკენაა მიმართული
უმუშევრობისა და დასაქმების სტატისტიკა ერთმნიშვნელოვნად მიგვითითებს ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისა და სამუშაო ადგილების შექმნისკენაა მიმართული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა და დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა.
„დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, რომელიც დაახლოებით 45 ათას შეადგენს, გამოწვეულია დაქირავებულთა დასაქმების ზრდის ტენდენციით – ეს 7 პროცენტიანი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, რომ მცირდება თვითდასაქმებულთა რაოდენობა. აღნიშნული მაჩვენებელი წლის მეორე კვარტალში 48 პროცენტამდეა შემცირებული“, – განაცხადა მიქაბაძემ.
საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით, 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.1 პროცენტი შეადგინა. ამასთან, 2018 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 64 პროცენტი შეადგინა, წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილია, როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე, შესაბამისად 0.2 და 1.4 პროცენტული პუნქტით.