ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებად დაინიშნენ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა გახდნენ.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„2021 წელს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ეკატერინე მიქაბაძისა და ეკატერინე გალდავას კანდიდატურებს საქართველოს პარლამენტმა 7 წლის ვადით დაუჭირა მხარი. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობამდე ეკატერინე მიქაბაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ის ეკონომიკური ანალიზისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებას უძღვებოდა, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებას ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში; მანამდე კი, მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტში. მუშაობდა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში.
ეკატერინე გალდავას მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და მონეტარული ოპერაციების დეპარტამენტში, იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი. ასევე, მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის საქართველოს ოფისში. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობამდე ეკატერინე გალდავას სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციაში მაღალი პოზიციები ეკავა“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს ეროვნული ბანკის საბჭო. საბჭოს წევრებს კი, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი შვიდი წლის ვადით ირჩევს. ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭო ექვსი წევრისგან შედგება.