ეკატერინე დგებუაძე - სწავლის დაწყება ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული, თუმცა განათლების სამინისტრო დღეს მზად არის, 15 სექტემბერს სკოლებში სწავლა განაახლოს
სწავლის დაწყება ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული, თუმცა განათლების სამინისტრო დღეს არის მზად, რომ 15 სექტემბერს სკოლებში სწავლა განაახლოს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და მზადებას, რომ სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყოს. რა თქმა უნდა, ძალიან აქტიური, ყოველდღიური თანამშრომლობა გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ერთმანეთს ვუზიარებთ ინფორმაციას. ეს ყველაფერი ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. თუმცა, განათლების სამინისტრო დღეს არის მზად იმისთვის, რომ 15 სექტემბერს სკოლებში სწავლა განაახლოს“, – განაცხადა დგებუაძემ.
ამ განცხადებით, ეკატერინე დგებუაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, განათლების სამინისტრომ მის მიერ დადგენილ წესებს, ან თუნდაც, სწავლის დაწყების თარიღს გადახედოს. მისი თქმით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები დინამიკაში.
„თუ სიტუაცია გართულდა, რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინებთ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა ვითარებაა სკოლებისa და უმაღლესი სასწავლებლების მონიტორინგის კუთხით, თუ რამდენად სრულდება პანდემიასთან დაკავშირებით შემუშავებული წესები, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს.
„დღეს მიღებული სტატისტიკური მონაცემებით, დაახლოებით ათასამდე სკოლაში განხორციელდა მონიტორინგი. არის სკოლების გარკვეული რაოდენობა, რომლებმაც დოკუმენტის მიხედვით გაწერილი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს და მათ აქვთ შესაძლებლობა, მონიტორის მიერ მიცემული რეკომენდაციის საფუძველზე ხარვეზები გამოასწორონ“, – განაცხადა დგებუაძემ.
შეკითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სკოლა რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში სამინისტროს მოუწევს, აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი არ დაიწყოს, რადგან წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.